დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამმი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ყველა შესაძლებლობის განხილვას მანამ, სანამ საქართველო არ შეიცვლის ახლანდელ ტრაექტორიას.
კომენტარი მან დიდი ბრიტანეთის მიერ საგამოძიებო უწყებების და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა.
„მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“. – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ასევე – საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები.
„გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ”. – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო უწყება.
ფინანსური სანქციები მათ შორის დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.
„დღევანდელი განცხადება 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფოს ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციების შესაბამისად საქართველოს თანამდებობის ხუთ პირს დაუწესა, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის.
ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად – ეს პრემიერ მინისტრის „ცვლილებების გეგმის“ ფუნდამენტური ნაწილია”. – აცხადებს ბრიტანული მხარე.
ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ამ სიაში შეყვანილ პირებს გაუყინავენ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებს, ასევე, მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა.
დიდმა ბრიტანეთმა ამ სიაში შეიყვანა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს, ასევე გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს.