ადვოკატი: დევიძე ამბობს, შემეშინდა და ჯოხს ამიტომ ვიქნევდი, ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო

პუბლიკა

მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე, დევიძეს ვინმესთვის ჯოხის ჩარტყმის ან მისი დაზიანების მიზანი არ ჰქონია.

„მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.

ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო”, – აცხადებს კვინიკაძე.

ადვოკატის ინფორმაციით, დევიძეს დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალს ხვალ, 22 ნოემბერს 09:30 საათზე წაუყენებენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. უწყების ცნობით, მან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – „კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.