დევნიან არასასურველ ადამიანებს – წამყვანი აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე

პუბლიკა

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – წერს, რომ ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე არასასურველ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

„მოკლედ მინდა მოგიყვეთ, რითია დაკავებული მრჩეველთა საბჭო და დირექტორი.
როგორ აცლიან ბერკეტებს, როგორ დევნიან ადამიანებს და როგორ ცდილობენ რედაქციის შეცვლას.
ჩემი ვარაუდით, ნათია ზოიძის იძულებით წასვლის შემდეგ, სტრუქტურული(გაუგებარი) რეორგანიზაცია გვერდზე გადადეს და გადავიდნენ გეგმა B-ზე. გეგმა ასეთია – პირდაპირი მნიშვნელობით, არასასურველი ადამიანების დევნა.

1. დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტზე, ამბავი 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა მაუწყებლის ეთერში. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა თამილა დოლიძემ მიმართა.

2. შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს – შინაარსში შემოდიან.

3. დირექტორმა უკვე გააცნო მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილება: აუქმებს მოადგილეების შტატებს. უქმდება მაია მერკვილაძის შტატი – ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი გამოშვების რედაქტორია. ამას სამი(ოცნების) ხმა სჭირდება. მაიას ტოვებენ რიგით რედაქტორად, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება მიმართონ სხვაგან და არა მთავარ ამბებზე. რედაქციის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირის შერყევით, ფაქტობრივად მიზანი მიღწეული იქნება.

აუქმებენ სხვა სამსახურების მოადგილეების შტატებსაც.

4. “ჰეშთეგში” მალხაზ რეხვიაშვილს გადაცემის წამყვანობას ედავება, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსია.

5. დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით.არ გააქვს გარე წარმოებაზე პრიორიტეტით განსაზღვრული გადაცემა, რასაც აქამდე სტუდია ღEჩ და ირმა ზოიძე აკეთებდა. ამტკიცებს, რომ ამის მომზადება შიგნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ რა რესურსით, ბუნდოვანია. ცნობისთვის, მიზეზად საარჩევნო წელი და რისკი სახელდება – შემთხვევით, ნაცებმა არ მოიგონ კონკურსიო..
‼️ეს ყველაფერი არაა, ვეცდებით უფრო მეტი მთავარში მოგიყვეთ.. მანამ ვიდრე ამის საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს.
დასკვნები თქვენთვის მომინდია, მაგრამ აბა ვინმე შემომედავოს, რომ ეს არაა დევნა, ცენზურა ან რედაქციაში უხეში ჩარევა.
პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“. – წერს თეონა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.