საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, უახლოეს პერიოდში დევნილების ბინებით უზრუნველსაყოფად.
„ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათი მდგრადობა იყოს ძლიერი. მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში. არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩაში არიან დარჩენილნი, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ დღეს სხდომაზე ასევე თქვა, რომ სახელმწიფო დღეიდან 2020 წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირებას გააკეთებს. პრემიერის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სამშენებლო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა და მშენებლობების გაჩერების თავიდან ასარიდებლად სახელმწიფომ მათი დახმარება გადაწყვიტა.