„დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ“, – დღეს დევნილთა სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებშიც დევნილებმა მანიფესტი წაიკითხეს:
„ჩვენ, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანები, ვისაც რუსული ოკუპაციის გამო მრავალი წლის წინ მოგვიხდა იძულებით საკუთარი სახლების დატოვება;
ვინც საკუთარ სხეულებზე გამოვცადეთ ომი;
ვინც ყველაზე უკეთ ვიცით ნამდვილი მშვიდობის ფასი;
ვინც დევნილობის წლები გავატარეთ უკიდურესი სიღარიბის, მარტოობის, მარგინალიზაციის და უგულებელყოფის წინააღმდეგ ბრძოლაში;
ვინც ამ ბრძოლას, ღირსეული საცხოვრისის ან მცირეოდენი ყურადღების მიღების მცდელობას მსხვერპლად საკუთარი ჯანმრთელობა და სხეულები შევწირეთ;
ვინც ყველაზე რთულ და მძიმე პირობებშიც კი არ დავკარგეთ ღირსება;
ვინც ვიბრძოლეთ, გადავრჩით და ფეხზე მყარად დავდექით;
ვინც ვამაყობთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების გამოცდილებებითა და ცხოვრების უსამართლობაზე გამარჯვებით!
ვეწინააღმდეგებით და უარს ვუცხადებთ სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ შანტაჟისა და დევნილების მოტყუების პოლიტიკის მიღებას!
უარს ვაცხადებთ დაუსრულებელი ლოდინის და ბუნდოვანების პოლიტიკის მიღებაზე!
უარს ვუცხადებთ იმ რეალობის მშვიდობად გასაღებას, რომელშიც არც ერთი ღამე მშვიდად არ გვძინებია!
უარს ვუცხადებთ ჩვენი გაჩუმების, გარიყვის და იგნორირების განგრძობით პოლიტიკას!
უარს ვამბობთ ნდობის გამოცხადებაზე მათთვის, ვინც ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წარმოგვადგენდეს, გვძარცვავს და გვრიყავს დღის წესრიგიდან!
და მოვითხოვთ:
საბინაო პოლიტიკა გახდეს გამჭვირვალე!
კერძოდ:
1. თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს, მერამდენეა განსახლების რიგში და ზუსტად რომელ წელს იგეგმება მისი საცხოვრისით დაკმაყოფილება;
2. დევნილები ვიყოთ სრულად ჩართულები და სახელმწიფომ მოგვაწოდოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საბინაო პოლიტიკის განსაზღვრის, ცვლილების თუ განხორციელების პროცესში!
ხელისუფლებები არასდროს ყოფილან დევნილების მხარდამჭერი, მეტიც, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დევნილების ხმა ვერავის მისწვდენოდა!
შანტაჟისა და უგულებელყოფის პოლიტიკამ ზედმეტად ბევრი მსხვერპლი მიიღო ჩვენგან, საკმარისია!
დევნილები მოვითხოვთ გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკას, ამ მოთხოვნას არ შეცვლის არავითარი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მოტყუების ხელახალი მცდელობაა!
ამ მოთხოვნას არ შეცვლის აფხაზეთის დე იურე მთავრობის ან დევნილთა სააგენტოს მიერ ჩვენი შანტაჟის დაუსრულებელი მცდელობები!
აღარაფერი ჩვენზე, ჩვენ გარეშე!”, – ნათქვამია მანიფესტში.