დეზინფორმაციაა, იმ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა - ევროკავშირი ადეიშვილზე „ოცნების“ კრიტიკას პასუხობს

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება „ქართული ოცნების“ კრიტიკას, რომელიც უკრაინულ დელეგაციასთან ევროკავშირის წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ შეხვედრას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენელი, გერტ იან კოპმანი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან რეგულარულად მართავს შეხვედრებს, მათ შორის, უკრიანის დელეგაციასთან. ზურაბ ადეიშვილი უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო და ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა კი პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას.

„გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით. გასულ სამშაბათს [5 მარტი, 2024 წელი], ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.

ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩისგან ადეიშვილის დასწრების შესახებ განმარტება მოითხოვა. უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე გერმანიის ელჩი უნდა დაიბაროს.