ნოემბრის პირველ კვირას, მსოფლიოში მეწარმეობის კვირეული აღინიშნება. ამ კვირეულს წელს სამი ქართული სტარტაპ კომპანია, Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai, შეუერთდა, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან.
Startup Grind თბილისის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის განმარტებით, 45 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ამერიკის მთავრობამ დეზინფორმაციის გამოვლენისა და მონიტორინგის პლატფორმების შესაქმნელად გაიღო, ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
„ეს არის სამი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომლებსაც, ერთი მხრივ, დეზინფორმაციის შემცველი აუდიო და ვიდეო მასალებს ტექსტად აქცევს, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებს ავტომატურად ატყობინებს საეჭვო აქტორების მხრიდან საჯარო ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ,“ – ამბობს ტუხაშვილი.
პროგრამა, რომლის მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, არსებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე დაშენდეს სხვა ბიზნეს ინიციატივები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
“დეზინფორმაცია, კიბერ უსაფრთხოების ერთ–ერთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ჩვენ მოვიფიქრეთ უნიკალურია ქართული ბაზრისთვის და ასევე შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი ადაპტირებით, იგივე ტიპის დეზინფორმაციულ პრობლემებს გაუმკლავდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ეს, ბუნებრივია, გულისხმობს დამატებით ინვესტიციას, როგორც ჩვენთვის, ასევე, ქვეყნისთვის,“- ამბობს, Pulsar Al საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოსიკაშვილი.
ეს სამი ინოვაციური ტექნოლოგია უკვე გატესტეს მომხმარებლებმა, კერძოდ დეზინფორმაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა. მედიასაშუალება „აი, ფაქტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ პროგრამები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ჟურნალისტებმა მაქსიმალურად სწრაფად აღმოაჩინონ დეზინფორმაცია.
„სიახლე არავისთვისაა, რომ საქართველოსა და მსოფლიოში დეზინფორმაცია ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მედიაში, ვინაიდან ინფორმაციის გადამოწმებას დიდი დრო უნდა. ეს ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისეთი შრომა როგორიცაა, რეესტრში ქექვა, აუდიო–ვიზუალური მასალის გაშიფვრა და მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება დეზინფორმაციის გამოწვევებზე, “ – ამბობს ბაქრაძე.
კომპანიები, კონკურსის წესით შეირჩა და ამ ტექნოლოგიის შესაქმნელად USAID-მა ჯამში 42, 500 აშშ დოლარი გამოყო. პროექტი Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობით ხორციელდება და მომავალში სხვა, სტარტაპ კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს.