2023 წლის 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს იმის გათვალისწინებით,
რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯები. ახალ 9 ნაბიჯს შორის პირველი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლას გულისხმობს.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის თანახმად, „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა აღნიშნულის [დეზინფორმაციის] უფრო აქტიური გამოაშკარავება და გაქარწყლება.“
„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირველი პუნქტის შესასრულებელად საჭიროა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
საერთო რეკომენდაციები
- ევროკომისიის ანგარიშის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლება გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ამასთან, ხელისუფლებამ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ პროაქტიული კამპანია უნდა აწარმოოს.
- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობისთვის ხელშემწყობი გარემო შექმნას იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობენ. ამ კუთხით, აუცილებელია, შეწყდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული რიტორიკა, უსაფუძვლო გამოძიება და 2023 წლის მარტში ინიცირებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონის“ შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ის დემოკრატიის დაცვასა და გამჭვირვალობას ემსახურებოდა. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობისთვის „ხელშემწყობი გარემო თავდასხმის ქვეშ მოექცა პოლიტიკური ლიდერებისა და რადიკალური ჯგუფების ხისტი რიტორიკის შედეგად და ასევე, იმ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტებად“ აცხადებდა და რომლის დარღვევაც ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ ჯარიმებსა და სისხლისსამართლებრივ დევნას მოიცავდა“.
- დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული გადაწყვეტილებები კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. აღნიშნული მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკომისიის მე-9 ნაბიჯის გათვალისწინებით. შესაბამისად,
აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე მისი აღსრულების პროცესში, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების ჩართულების უზრუნველყოფა. ამასთან, დაუშვებელია, პირველი ნაბიჯის შესრულების საბაბით, იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების შემოღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
Სრული კვლევის სანახავდ ეწვიეთ ლინკს.