„გამუდმებით, დღეების განმავლობაში მესმოდა ჩემი გინება, მუქარები და ეს იყო აბსოლუტურად ადმინისტრირებული და ორკესტრირებული [ციხის] ადმინისტრაციის მიერ. საიდან ვიცი? ძალიან მარტივად – ლომჯარია შემოვიდა მთლიანად შეხვეული, რომ ვერ ეცნოთ, მე მაგალითად ვერ ვიცანი, ისინი [პატიმრები] მეთელი გზა აგინებდნენ ლომჯარიას. გვარამაის დაემართა იგივე. წინასწარ ციხის ადმინისტრაცია ეუბნებოდა [პატიმრებს], რომ ეს არის გვარამია, ეს არის ლომჯარია… ან, მაგალითად, როცა ჩავდიოდი შეხვედრათა ოთახში, საიდან უნდა სცოდნოდათ მათ? იქ დარაბებია დახურული, ვხვდებოდი შეხვედრათა ოთახში, მაგალითად, ხატიას და იქიდან ყვირილი ისმოდა, ჩვენი სახელები და ყვირილი. ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული, ორკესტრირებული, წამების და არააადამიანური მოპყრობის ფაქტები“, – მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ ისაუბრა.
დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდგომ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„მე გამოვიარე ძალიან რთული გზა საქართველოში მოსახვედრად, ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ. არც მიცდია დამალვა, მაგრამ მერე რაც მოხდა, იყო გამოხმაურება იმისა, რაც წამოსვლის წინ ევროპარლამენტარებმა მკითხეს, – არ გგონია, რომ საქართველოში თუ ჩახვალ, შენ გაწამებენ? მე ვუთხარი, რომ 21-ე საუკუნეში ვინ მაწამებს, როგორ გაბედავენ…
ამერიკაში ერთ-ერთმა სენატორმა მკითხა პირად უსაფრთხოებაზე ციხეში, რა შეიძლება გიქნან? ამათ ვუთხარი, რომ 21-ე საუკუნეში ციხეში რა უნდა მიქნან? ვინ რას გაბედავს? ამის მერე ვხვდები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც მეუბნებიან, რომ ტელეფონით ზარების უფლება არ მაქვს…“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე გაიხსენა მე-12 დაწესებულებიდან გლდანის კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, გლდანში მოტყუებით, ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. დაწესებულებაში შეყვანისას კი როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ძალით გადმომათრიეს მანქანიდან, როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ხელებში, ფეხებში… იყო მოხრჩობის მცდელობები. გამაძვრეს ფეხსაცმელი, შემომახიეს ზედა ტანსაცმელი და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებით, და დამაგდეს პალატაში, სადაც პირევლი მცდელობა იყო, ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ჩემი ანალიზები, რაზეც მქონდა შესაბამისი რეაქცია.
ჩემი მდგომარეობა მე-18 დაწესებულებაში – ეს არ იყო პალატა. ეს იყო საკანი, სადაც იდგა საწოლი, საშუალება არც იყო, რომ ვიღაც გამომეძახებინა გონების დაკარგვის შემთხვევაში“, – აცხადებს სააკაშვილი.