დღეიდან ამოქმედდება ჩვენი გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - ოპოზიცია

პუბლიკა

სამი კოალიციისა და 1 პარტიის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას „მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება“.

„მე მინდა მივმართო პოლიციას, სამართალდამცველებს და ვუთხრა, რომ თქვენი, პოლიციის ფიცი გულისხმობს იმას, რომ თქვენ უნდა დაიცვათ კონსტიტუცია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არა რომელიმე ერთი პარტია. ნუ მიიღებს მონაწილეობას არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანებების განხორციელებაში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში. ამისათვის არ ხართ თქვენ პოლიციაში, თქვენ ხართ იმისთვის, რომ შეასრულოთ კანონი და კანონის უზენაესობა.

მინდა, ყველას მოვუწოდო დაუმორჩილებლობისკენ, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობენ საჯარო სექტორში. არ შეიძლება ამ რეჟიმს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მათ – ყველაზე კარგი და ალბათ ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა და მოგიწოდებთ, რომ ეს გააკეთოთ, რაც შეიძლება მალე“, – თქვა ლევან ცუცქირიძემ.