უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმების პროცესის მიმდინარეობა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისის მასშტაბით შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი, მათ შორის – „ლილოს“, „ელიავას“, „დეზერტირების“, „ნავთლუღის“, „დიდუბის“, „გლდანის“ ბაზრობები, ასევე – ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები. მონიტორინგი ხორციელდება ერთობლივი ინტეგრირებული ჯგუფებით, რომლის შემადგენლობაში არიან შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.
„ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებმა ბაზრობაზე დასაქმებულებს მითითებები მისცეს უსაფრთხოების ზომებთან და დაფიქსირებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, ასევე გამოყენებული იყო შესაბამისი სანქციები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი, დეზერტირების ბაზარში – 1, ნავთლუღში- 2, დიდუბეში- 3, ვარკეთილში 1 ბიზნესოპერატორი.
„გარდა ამისა, ვაგრძელებთ ეკონომიკის გახსნის პროცესს აუზებისა და ფიტნესის მიმართულებით. რეგისტრირებულია 118 აუზი, საიდანაც 106 შემოწმდა და თანხმობა გაიცა 66-ის მიმართ. შემოწმდა 263 ფიტნეს დარბაზი, მათგან 144-ის მიმართ გაიცა თანხმობა. რაც შეეხება სასტუმროებს, თანხმობა გაიცა 1322-ის მიმართ”, – აღნიშნა მან.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 922 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.