დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, დღეიდან, 11 სექტემბრიდან საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან.  დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი და ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც.

მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც, ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო ეფექტურობა ზოგადად ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. ჩემი შეხვედრიდან პრემიერთან, დაახლოებით, 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისები, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და  მეტი ტურისტი გვინდა, რომ  ჩამოვიდეს, არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“, – განაცხადა მან.