დღეიდან ექთნები გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით დღეიდან სამინისტროს მართვაში არსებულ კლინიკებისა და ამბულატორიების პერსონალს მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაეზარდათ. მისი განმარტებით, საშუალო ანაზღაურების გარდა სხვადასხვა პოზიციების მიხედვით განსხვავებულია, მაგალითად დღეიდან ექთნები გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ.

„ჩვენს მართვაში მყოფ კლინიკებსა და ამბულატორიებში 1 აგვისტოდან (მანამდე 2 თვით ადრე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა ხელფასების გაზრდა, უფრო სწორად კლინიკებში მოხდა მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის) მინიმალური ანაზღაურების გავრცობა მოხდა.

რაც შეეხება ჩვენს მართვაში არსებულ ამბულატროებს, ეს არის 17 ამბულატორია ქვეყნის მასშტაბით, მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურებები , მაგალითისთვის საშუალო ანაზღუარება, 1000 ადამიანს შეეხება და არის 50%-ის ფარგლებში, მაგრამ ცალკე აღებული სხვადასხვა პოზიციებისთვის არის სხვადასხვა, მაგლითად ექთნების შემთხვევაში ეს არის 100% ანუ გაორმაგებულია მათი ანაზღაურება და დღეიდან უკვე ისინი მიიღებენ ამ გაზრდილ ანაზღაურებას“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ეს არის რაც არსებული დაფინანსების პირობებში სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს.

„ვფიქრობ ღირსეულ, ადეკვატურ ანაზრაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ დღეისათვის ეს არის ის რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს ბევრ კერძო კლინიკასთან მიმართებაში ბევრად კონკურენტულია“,- ამბობს მინისტრი.

22 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს.

კერძოდ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი – 1 080 ლარი; ექთნის – საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის – 3 ლარია, თვეში – 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი.