ფინეთი NATO-ს ოფიციალურად შეუერთდა. ბრიუსელში ალიანსის შტაბბინასთან დღეს ფინეთის დროშას ოფიციალურ ცერემონიაზე აღმართავენ. ბრიუსელში იმყოფება ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან ერთად დაესწრება დროშის აღმართვის ცერემონიას.
„ეს ნაბიჯი ფინეთს მეტად დაცულს გახდის, NATO-ს კი – უფრო ძლიერს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთის NATO-ში გაწევრება სიმბოლურ დღესაც დაემთხვა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 74 წლის წინ, 1949 წელს სწორედ 4 აპრილს დაფუძნდა.
ფინეთი ჩრილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრია. NATO-ში მისი გაწევრების შემდეგ ალიანსის საზღვარი რუსეთთან გაორმაგდება, რაც კიდევ ერთხელ ასახავს რუსული საგარეო პოლიტიკის მარცხს. უკრაინაში შეჭრამდე მოსკოვი დასავლეთისგან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას მოითხოვდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირიქით, ალიანსი უფრო გააქტიურდა, ფინეთმა და შვედეთმა კი NATO-ში გაწევრება დაისახეს მიზნად. ნორდიკული სახელმწიფოების NATO-თან თავსებადობის მაღალი დონის გამო, მათი გაწევრების პროცესი მარტივად წარიმართა, ალიანსისკენ სწრაფვას, ძირითადად, თურქეთი აფერხებდა, რომელსაც პოლიტიკური უთანხმოება ჰქონდა შვედეთსა და ფინეთთან.
საბოლოოდ, ანკარამ და ჰელსინკიმ მოახერხეს შეთანხმება, შვედეთი კი NATO-ში გაწევრებაზე მუშაობას აგრძელებს.