დღეიდან მე ვარ სახალხო ერთიანობის კანდიდატი - ანა დოლიძე

პუბლიკა

ანა დოლიძე, დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე – ჩუღირეთში, ამბობს, რომ იგი დღეიდან სახალხო ერთიანობის კანდიდატია.

“მე ხმა მომცა სხვადასხვა პოლიტიკური კუთვნილების ადამიანმა: “ქართული ოცნების” ყოფილმა მხარდამჭერებმა, ასევე “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერებმა” – ამბობს კანდიდატი.

ანა დოლიძე მადლობას გამოხატავს მხარდამჭერების მიმართ და ამბობს, რომ ამას იღებს დაკვეთად, დაკვეთა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი ორპოლუსიანობით და პარტიებს შორის საქმეების გარჩევით დაიღალა.

ის ამბობს, რომ მისი დღის წესრიგია, შეასრულოს ის ათი ნაბიჯი, რაც ამომრჩეველს დაჰპირდა, “იქნება თუ არა პარლამენტში, ამის მიუხედვად”.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ანა დოლიძეს მხარს ამომრჩეველთა 20,8% უჭერს და ამ მაჩვენებლით იგი სახელისუფლებო კანდიდატის, გია ვოლსკის შემდეგ (43,42%) მეორე ადგილს იკავებს. მესამე ადგილზე კი დოლიძეს სულ მცირედით ჩამორჩება “გირჩის” კანდიდატი ზურა ჯაფარიძე. (20.17). ოლქში ამ დროისთვის დათვლილია უბნების 55%.

ამ შედეგების მიუხედავად, როგორც ანა დოლიძე პუბლიკასთან საუბარში ამბობს,  ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მეორე ტურში მონაწილეობას გეგმავს. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა მასობრივი გაყალბებით, და იგი რუსთაველზე გამართულ აქციას უერთდება.