დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გაფართოებული ტესტირების პროგრამა იწყება.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნამ განაცხადა, ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები დღეიდან შეძლებენ ანტიგენით გაფართოებული ტესტირების დაწყებას სიმპტომური პირებისთვის.
„რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული შემთხვევა და ვურჩიოთ, დარჩნენ სახლში, რაც შეაფერხებს ინფექციის გავრცელებას.
ეს ინტერვენცია გაგრძელდება აქტიურად 1 თებერვლამდე, რათა შემდეგ მივიღოთ ინფექციის სტაბილიზაციის შეასძლებლობა. ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება. რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი იქნება კვლავაც დიდ ქალაქებზე, სადაც უფრო აქტიურია გავრცელებაც და მოსახლეობასაც შეუძლია სიმპტომების შემთხვევაში მიმართოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას და ჩაიტაროს ანტიგენზე სწრაფი ტესტირება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, ანტიგენის ტესტები, რომელიც ქვეყანაშია და ამ პროგრამის ფარგლებში გამოიყენება, არის ძალიან მაღალი ხარსიხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ორი ტესტიდან ერთ-ერთი, მისი ხარისხი და სარწმუნოობა არის ძალიან მაღალი. გაბუნია ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტესტირებისას რიგს და დაყოვნებას.