დღეიდან თბილისში ევროპის წამყვანი, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოვიდა - სამინისტრო

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ევროვინგსმა“ დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა „ევროვინგსის“ მმართველ გუნდთან შეხვედრაც გამართეს.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს „ევროვინგსის“ დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა „ევროვინგსის“ რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.