ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით დღეიდან იწყება ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს ევროპაში არსებული ძალიან კარგი პრატქიკაა, იმისთვის, რომ ვაცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში, პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის პუნქტებზე ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის კლინიკასა და პოლიკლინიკაში მიიღებდა. იქნება რეგისტრაცია, რომელიც პორტალზე ონლაინ აისახება. შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ტიკარაძემ.