საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, აგრარული ბაზრების გახსნის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა მოქალაქეებს.
დავითაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობით შეიმუშავა დეტალური სახელმძღვანელი წესები, რომლებიც აგრარულ ბაზრებში ჰიგიენურ-სანიტარულ სტანდარტებს უზრუნველყოფს და ინფექციის გავრცელებას შეუშლის ხელს. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, შესაბამისად, დღეიდანვე ვერ იმუშავებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული.
„ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია გაიდალინებში. ეს ეხება როგორც მოკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეს ეხება პროდუქციის სანიტარულ ზედამხედველობას, ეს ეხება სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს (ტემპერატურის კონტროლს), პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა მოთხოვნებს”, – განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა.
დავითაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად აღდგება აგრარული ბაზრების მუშაობა, იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად დააკმაყოფილებენ ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სექტორის ერთობლივ წესებს.
COVID-19-ის გავრცელების პირობებში რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის იხილეთ ბმულზე.