დღეიდან ვიწყებთ საწარმოების ინტესნიურ შემოწმებას, რამდენად იცავენ წესებს - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგეზე განაცხადა, რომ სამინისტროს ვებგვერდზე ბიზნესსაქმიანობის უფლების მისაღებად განთავსებული აპლიკაციები ასობით კომპანიამ შეავსო. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

„დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროში არსებული ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას, პირველ რიგში, შემოწმებას ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოებიდან, ვისაც დღესდღეობით ფუნქციონირების საშუალება მიეცათ. ეს, რა თქმა უნდა, მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას და სწორედ ამ მსხვილი სისტემური საწარმოებიდან დავიწყებთ შემოწმებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ ინტენსიური შემოწმების პროცესში დღეში 50-მდე საწარმო შემოწმდება. მისივე თქმით, პარალელურად შემოწმდება ის კომპანიებიც, რომლებსაც დროებით საქმიანობის უფლება შეუჩერდათ, „რომ მივცეთ მათ საშუალება, დროულად უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და გააგრძელონ ფუნქციონირება“.

„ეს არის ინვესტიცია, რომელიც არ დაგეკარგებათ, ჩვენო მეწარმეებო, რადგან ეს იქნება ცხოვრების წესად. ამიტომ კარგად მოემზადეთ, ეს რამდენიმე დღე გამოიყენეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, თუკი რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე წესს, დასაქმებულებს შეეძლებათ სამინისტროს ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.

„ჩვენი ამოცანა ამ პროცესში არის არა დასჯა, არამედ დახმარება ბიზნესების, რომ რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ, პოსტკორონასეულ ეტაპზე და იყონ სრულიად უსაფრთხო.  თუმცა  ჩვენი კანონმდებლობა ჯარიმებსა და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, შევსებული აპლიკაციების მიხედვით, ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, თუმცა გამოირჩევა სამშენებლო სექტორი.