დღეიდანვე უნდა შევქმნათ სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირებასა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, რაც აუცილებელი და მართებულია, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს გლობალური პროცესები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სურსათის გლობალური დეფიციტი. ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველი ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქვეყნებში აღარ არის მუშახელი, რომლებმაც შეიძლება სასოფლო სამეურნეო პროდუქტი შექმნან, რადგან შრომითი მიგრაცია არის შემცირებული. მეორე ეს არის ლოჯისტიკური და სატრანსპორტო სისტემების შეჩერების მაღალი ალბათობა. მესამე ის არის, რომ რიგმა ქვეყნებმა, რომელთათვისაც ძნელია, გამოიცნონ, რა მასშტაბები და რა ხანგრძლივობა ექნება პანდემიას, უკვე გადადგეს ნაბიჯები იზოლაციონისკენ, რაც გულისხმობს სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეჩერებას, ეს პრობლემა განსაკუთრებით აწვება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან სასურსათო იმპორტზე. ასეთია საქართველოც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი სასურსათო პროდუქტის 70%-ის იმპორტს ვახორციელებთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მთავრობამ, სხვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან ერთად, გამოაცხადა რა, რომ 2 მილიარდი ლარი გამოყოფილია ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესარბილებლად, უნდა გადადგას მთავარი ნაბიჯი და უნდა იზრუნოს სასურსათო უსაფრთხოებაზე.

„პანდემიის შედეგების გასამკლავებლად გამოყოფილი 2 მილიარდი ლარიდან, რაც მთავრობამ დააანონსა, 460 მილიონი უნდა წავიდეს პირდაპირ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასა და სტიმულირებაში. იგი უნდა წარიმართოს სოფლის მეურნეობის იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მოსახლეობის მარცვლეულით, ხორცითა და ბოსტნეულით უზრუნველყოფას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასურსათო უსაფრთხოება ესაა ჯანსაღი პროდუქტით საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა. მთავრობამ უარი უნდა თქვას ლიბერალურ მიდგომებზე და ის უნდა გახდეს შესაბამისად ამ პროცესების როგორც მაორგანიზებელი, ისე მთავარი ინვესტორი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, აუცილებელი იქნება სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობების შექმნა მეხილეობის ხელშეწყობისათვის და მებოსტნეობაში კი სუბსიდირების განხორციელება, რაზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და, საერთოდ, სახელმწიფო უნდა გახდეს ამ პროცესების ორგანიზატორი.