დღეის მონაცემებით, 300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია ჰოსპიტალიზებული - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აგვისტოში ისინი ელოდებიან ალფა შტამის დელტა შტამით სრულად ჩანაცვლებას. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღეს 300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია კლინიკაში მოთავსებული.

„დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არც ერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. მნიშვნელოვანია, ასევე, მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ბავშვების იმ ღონისძიებებში ჩართულობაზე, სადაც შეიძლება ბავშვი დაინფიცირდეს. დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღონისძიებად სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ კოვიდისგან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 867 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 164  პირი, გარდაიცვალა კიდევ 11 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.53 %.