ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმეზე გამოძიების გაჭიანურების გამო.
როგორც ცენტრში ამბობენ, მიუხედავად რიგი მტკიცებულებების არსებობისა, სამი წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს და დღემდე არ მომხდარა იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებიც გარდაცვალებამდე ზურა ხუციშვილის ავტომობილს დაედევნენ. პროკურატურას, ასევე, არ შეუსწავლია ის გარემოებები, რამაც ხუციშვილის გარდაცვალება გამოიწვია.
„2016 წლის 3 აგვისტოს ზურაბ ხუციშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ხუციშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე, თავად ხუციშვილის ცხედარი კი მდინარე მტკვარში იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ დაედევნა პოლიციის ავტომობილი ხუციშვილს. ზურა ხუციშვილს ავარიული ციმციმები ჰქონდა ჩართული და ისე გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარით. აქედან ხუციშვილის კვალი იკარგება. მოგვიანებით, მისი ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს ჯერ კიდევ სიცოცხლეში სხეულზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მანქანას, რომელსაც ხუციშვილი მართავდა, ერთი საბურავი ჰქონდა მომძვრალი. თუმცა გამოძიების ფარგლებში შესაბამისს უწყებებს არც გარდაცვლილის მანქანის საბურავი ამოუღიათ და არც მისი ექსპერტიზა ჩატარებულა,“ – ამბობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმე და პასუხისგებაში მიეცენ ის პოლიციელები, რომელთა ქმედებაშიც იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები.