დღეს 12 საათიდან „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება

პუბლიკა

დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან, 5 ივლისიდან დაიწყება.

ამ ეტაპზე სარეგისტრაციო საიტი booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს, თუმცა დაავადების კონტროლის ცენტრში ჯერ არ განმარტავენ, რა პრობლემა აქვს საიტს და მოხერხდება თუ არა მისი გამოსწორება 12 საათისთვის.

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა თბილისში 2 ივლისს ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა, შემუშავებულია ქვეყნის მასშტაბით პრეპარატის განაწილების სქემაც.

„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია.