„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული კენჭისყრით აირჩევს.
პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.
პარტიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს.
განცხადების მიხედვით, დღეს, 21 დეკემბერს, 14:00-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00-მდე გაგრძელდება.
„გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოსტი 15 დეკემბერს დატოვა. მან წასვლის გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებაში რამდენიმე მიზეზიც ახსენა;
მისი თქმით, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა და ასევე, ვაშაძე წერს, რომ ვერ შეეგუება, რომ პარტიის შიგნით და გარშემო გამოჩდნენ „ოდიოზური ფიგურები“.