დღეს 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობა, აქედან 53 მედიის წარმომადგენელია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დღეს 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტი, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:

„რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება, ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებსა და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.