„დღეს ან ხვალ შედგება მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გამომდინარე იქიდან, რომ ზეგ არის უკვე პარლამენტის პირველი შეკრება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და არსებითათ შეჯერებული იყო და იმედია საბოლოოდაც იქნება პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ეს არის პირობა რომელიც ჩვენ დავდეთ ელჩების თვალწინ. მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე ორი სხვადასხვა მიმართულებით – ეს არის არჩევნების ადმინისტრირება და ასევე ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხები სხვადასხვა ტიპის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ყველა მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ ფუნდამენტური ცვლილებები აქვს ინიცირებული და წარდგენილი ოპოზიციის წინაშე და კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.