დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა

პუბლიკა

დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, სამივე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით.

აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ხვალ, 19 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს.

ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილის სრულად გადასაკეტად. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლაა.

ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა.

ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61.

დღეს სხდომის დაწყებიდან მალევე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს.

სიტყვას ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე ამბობდა. მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.