დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო – პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება.

„დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა და კონკრეტული დავალებები მისცა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.