დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ტატუნაშვილი, რომელიც 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა მოკლეს, 37 წლის გახდებოდა.
„ოკუპირებულ ცხინვალში ეს ახალგაზრდა კაცი რეჟიმმა სასტიკი წამებით მოკლა და მისი მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი.
ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი მაგალითი იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. დღეს ამ რთულ პერიოდში უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება და დაუშვებელია, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში“, – თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ტატუნაშვილის საფლავთან მივიდა.
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა და პერიოდულად ჩადიოდა ოკუპირებულ დაბაში.
ის ერთ-ერთი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.
23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.
იმავე წელს, საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული რეგიონის ორ ე.წ. სამართალდამცველს – ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.