„ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 18 ათასზე ზემოთ არის ტესტირება და როგორც ხედავთ, ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად იკლებდა, თუმცა დღეს, ასე ვთქვათ, ოდნავ მოიქნია კუდი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.78%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.4%.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს შეზღუდვების შემსუბუქებას, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ „არ არის გამორიცხული“, ეს უკავშირდებოდეს თებერვლის დასაწყისში შეზღუდვების შემსუბუქებას.
„არ არის გამორიცხული. ახლანდელს არა, თებერვალში, როცა შემსუბუქება დავიწყეთ, იცით, რომ მისი ეფექტი ჩნდება 2-3 კვირის მერე. არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს პატარა ფლუქტუაციაა (რაიმე სიდიდის შემთხვევითი გადახრა მისი საშუალო მნიშვნელობიდან). დიდი ფლუქტუაცია ეს არ არის და ამიტომ არის საჭირო შემდეგი შემსუბუქებისთვის ეს დაკვირვება, დაახლოებით 2-კვირიანი დაკვირვება იყო, რომელიც დღეს განხილული იყო საკოორდინაციო საბჭოზე, შემდეგ შემსუბუქებამდე ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ შევიქმნათ ილუზია, რომ მოვერიეთ კორონავირუსს, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, მათ შორის ყველაზე მთავარი არის პირბადე.