დღეს ჩვენი სასამართლო წინ უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების სასამართლო სისტემას - ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების საკითხს და ევროპარლამენტარების კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ბოლო პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რის გამოც, ევროკავშირისგან სესხის მეორე ნაწილის მიღება აღარ სჭირდებოდა. სწორედ ამის გამო ამბობს უარს ხელისუფლება მაკროსაფინანსო დახმარებაზე.

ხოლო, რაც შეეხება, მაკროსაფინანსო დახმარების სასამართლო რეფორმაზე მიბმას და ევროპარლამენტარების მხრიდან ამ რეფორმის გატარებაზე მოწოდებას, ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოში არაერთი რეფორმა გაატარა და დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემებსაც უსწრებს.

„მთავრობამ სესხი აიღო, ხაზს ვუსვამ, სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს. ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლოს რეფორმაზე.

მე მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ მას შემდეგ არაერთი ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა, გახსნა მთლიანად ეს სისტემა.

ამის გარდა, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში დღეს არსებული სისტემა წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემებს. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის, ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალრეიტინგული ორგანიზაციების ჩატარებული კვლევების შედეგად.

ჩვენ, რა თქმა უნდა, რეფორმებს ვაგრძელებთ. იქ საუბარი იყო გარკვეულ ვადებზეც, ჩვენ თუ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, იქ ვადებიც ეწერა, 2022 წლის მაისი იყო განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, რადგან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ და ვართ ერთგულნი ყველა იმ რეფორმის, რომელიც დავიწყეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარები ზედაპირულ განცხადებებს აკეთებენ და მოუწოდა მათ, ამ საკითხში უკეთ გარკვევისკენ.

„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი – ეს ერთი. მეორე, თუ მათ აინტერესებთ საქმის არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და ზედაპრიული განცხადებები არ უნდა აკეთონ.

არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა. ეს იყო სესხი და ჩვენ ამ სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამის გარდა, ამ სესხმა, 75-მა მილიონმა ევრომ შეიძინა დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ძალიან ბევრი პოლიტიკური ინსინუაციის და სპეკულაციის საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.