„დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მე მინდა ბატონ გომელაურს გადავუხადო მადლობა და მთელს პოლიციას, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა”, – განაცხადა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
„ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე აქვს მას მისჯილი. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ბანკი „ქართუს” გაკოტრების საქმეზე ის გასამართლებული იყო. მეორე საქმეზე, პოლიციამ ის მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავა. ეს უკავშირდება სწორედაც ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და გადაწყვიტეს ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა.
…რაც შეეხება პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, ამერიკული, თანამედროვე დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.