დღეს დაკავებულები 16 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

პუბლიკა

12 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. მათგან 10 პირის საქმე ხვალისთვის გადადო, ხოლო 6-ის პროცესი 24 დეკემბერს ჩაინიშნა.

დღეს პოლიციამ 16 პირი დააკავა, მათ შორის არიან ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე, აქტივისტი ირაკლი ჯუღელი, ასევე მოძრაობა „ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური. პოლიცია მათ წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დაკავებულთაგან 12-ის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს დაეწერა. ამავე მოსამართლემ განიხილა ნოემრებში აქციის დაშლისას დაკავებული პირების საქმეები.

დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლე ფილიშვილმა ერთი პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. „პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, მან სხდომაზე ფურცელი ააფრიალა წარწერით – „თავისუფლება ვალერის”.

„აქ ყველანი ქვეყნის სამსახურში ვართ” – ასე მიმართა ფილიშვილმა დაკავებულ ირაკლი ჯუღელს, რომელმაც მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, თუ სად მუშაობდა, განაცხადა, რომ „ქვეყნის სამსახურში.


პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი აირჩია.

არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდნენ.