დღეს დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები მშენებლობისთვის - სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი

პუბლიკა

ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის კომპანიამ ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყო. მძიმე ტექნიკა პარკში დღეს დილით გამოჩნდა.

სასტუმროს მფლობელი გოგა ზაქაიძე „TV პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მერიისგან მშენებლობის ნებართვა 2013 წლიდან აქვს. მისივე თქმით, 6 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სასამართლოსთვის ამ მშენებლობის ნებართვის კანონიერება დაემტკიცებინა.

„6-წლიანი დავის შემდეგ მოვიგეთ სასამართლო პროცესი, რომელიც იყო გაცემული 2013 წელს და აღვიდგინეთ მშენებლობის ნებართვა. ამ ადგილას 1958 წლიდან შენობის ნარჩენებია. 1958 წლიდან აქ იდგა შენობა, მას აქვს თავისი გზა. მერიამ ეს ტერიტორია ვაკის პარკად არ ჩათვალა. 2 წელია სასამართლოს მერე მათგან გამოხმაურებას ველოდებით“, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

გოგა ზაქაიძის ინფორმაციით, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მერიასთან შეხვედრები ჰქონდა, მაგრამ ღირებული ან ადეკვატური შეთავაზება ვერ მიიღო.

„არანაირი შესაბამისი შემოთავაზება მათგან არ იყო. მე ვთქვი, რომ იყო მათგან რამდენიმე შემოთავაზება, რომელიც საერთოდ არანაირ საპირწონე მდგომარეობაში არ გვაყენებდა, რომ გადაგვეცვალა ან მიგვეღო ადეკვატური თანხა.

ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეგრძნება იმის, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორია. ამ ადგილას იდგა შენობა; მოვიგეთ ყველა ინსტანცია, სასამართლომ მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინა. მერიას ბევრჯერ მივმართეთ, მოეცა ჩვენთვის ნებართვა, იმიტომ, რომ ვაკის პარკის მიმდებარედ მონგრეული ღობეები არ შეიძლება ყოფილიყო, იყო საშიში. დღეს ჩვენ აღვადგენთ ღობეს და დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს“, – თქვა მან.

მშენებლობის ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა გოგა ზაქაიძეს უთხრა, რომ ობიექტს მშენებლობის ნებართვა არ აქვს და ის მერიის დადგენილებით შეჩერებულია.

გოგა ზაქაიძემ მას განუმარტა, რომ 2013 წლიდან მიღებული ნებართვა სასამართლომ აღუდგინა და იმისთვის, რომ მუნიციპალურმა სამსახურმა არ დააჯარიმოს, ასუფთავებენ ტერიტორიას და უსაფრთხოების ზომის დაცვით სამშენებლო ღობის აღდგენას იწყებენ.

„ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, 2015 წლის დადგენილებით თქვენ გაჩერებული გაქვთ სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგიწერთ 50 000-ლარიან ჯარიმას“, – განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა.

სასტუმროს მფლობელს მან გონივრული ვადა მისცა იმისთვის, რომ შეჩერდეს ვაკის პარკში დაწყებული სამუშაოები და მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მოწყობას დაჰპირდა.

„პუბლიკა“ ცდილობს თბილისის მერიასთან დაკავშირებას. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.