დღეს ე.წ. კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

სხდომაზე მხარეები განიხილავენ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით განხილვაზე დასაშვებობას.

ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ არაერთი შუამდგომლობა აქვთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე დაყენებეული. მისი თქმით, პროკურატურის მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მოპოვებული.

„მათ შორის, ასეთი არის ის ძირითადი რუკები, რომელზეც ბრალდება არის დაფუძნებული“, – ამბობს მარიკაშვილი.

მისი თქმით, სასამართლოს უნდა გაუჭირდეს სხვა გადაწყვეტილების მიღება, გარდა იმისა, რომ დაუშვებლად ცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

„საქმე არ შეიძლება გადაეცეს არსებითი განხილვისთვის სასამართლოს, რადგან ამ საქმის არათუ არსებითი განხილვის, არამედ გამოძიების დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობდა“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე საუბრობს ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველიც. გიორგი მახარაძის ინფორმაციით, პროკურატურასაც ექნება შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების კანონიერებასთან დაკავშირებით.

„ამ შუამდგომლობების განხილვა იქნება. შემდეგ უკვე სასამართლომ გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

წინასასამართლო სხდომას დაესწრებიან ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ივერი მელაშვილმა TV პირველს დღეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ, როგორც ფიქრობს, მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.


ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ მიიღო.

სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.