ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართება – ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი დებატები საქართველოს დროით 18:00 საათზე იწყება და სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს განიხილავენ საქართველოს საკითხსაც.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ჯგუფები ამ საკითხის დასამატებლად პლენარული სხდომის დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა სხდომის გახსნისას უნდა დაადასტურონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს გამართულ დებატებზე, ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის სავარაუდო რუსულ ჩარევას.
„ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, რომელზეც „ქართული ოცნება“ ამბობს რომ გაიმარჯვა და რომლის მიმართაც არსებობს ბრალდებები ხმის გაყალბებაში რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით. დემონსტრანტები, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობითა და სავარაუდო გაყალბების სრულყოფილ გამოძიებას.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის 15 მთავრობის წარმომადგენელმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო და დაგმო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. წამყვანმა ევროპარლამენტარებმა ასევე მიუთითეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და მოითხოვეს მითითებული დარღვევების სრულყოფილი გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.