„დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის“ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ უკვე მიმართა ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება.
მისი თქმით, ის გარემო და განწყობა, რომელიც რუსული კანონის გამო უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, „უკიდურესად ართულებს” საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. „მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“ – წერს ის.