დღეს, 27, ოქტომბერს, მთავრობის ინიციატივით დაწესებული, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამორჩეულ პედაგოგებს გამოავლენენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია მუშაობს პედაგოგების შერჩევაზე. ვიდეოში ასახულია გადარჩევის პროცესი და საუბრობენ ჟიურის წევრები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიის წევრების სრული სია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ვიდეოში ჩანან: გია მურღულია, ქეთევან დუმბაძე, ნოე სულაბერიძე, თიკა ფაცაცია, თამარ გაგოშიძე, ანატოლი ბოისა, ბასა ფოცხიშვილი, ნიკოლოზ წულუკიძე და სხვა.
განათლების სამინისტროს ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, იკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ კი სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.