დღეს განათლების სისტემაში ვაქცინირებულია ასაცრელი მოქალაქეების 19% - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ, რომ განათლების სისტემაში მომუშავე პერსონალი, მათ შორის, სკოლის პედაგოგები აიცრან.

„რაც შეეხება განათლების სამინისტროს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მათთან ურთიერთობა. დღეის მდგომარეობით, რიცხვიც ვიცით, რომ აცრილია 19% იმ პერსონალის, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აიცრას, 92 000 მოქალაქიდან. ეს მუშაობა განათლების სამინისტროსთან ერთად გაგრძელდება.

დღეს საბჭოს შემდეგაც მე და ბატონ მიხეილ ჩხენკელს გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, მე პირადად მასთან ერთად ჩავერთვები პედაგოგებთან შეხვედრაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომ თავად სახელმწიფოს სტატისტიკით, აცრილ პირებს შორის, მხოლოდ 600 მასწავლებელია, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მონაცემებს ერთიანად ითვლის და ეს რიცხვი განათლების სისტემას მთლიანად მოიცავს.

„პედაგოგების გარდა, არის დამხმარე პერსონალი და სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ები, ჩვენ ჯამურად ვითვლით ამ რაოდენობას“, – თქვა ტიკარაძემ.

ასევე, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მას აქვს იმედი, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რათა იმუნიზაციის სტიმული ჰქონდეთ და მოელის ექიმების აქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ექიმებს აქვთ ის ცოდნა, რომელიც მათ აძლევს იმის სტიმულს, რომ აიცრან. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი გაფართოებულ ფორმატში და უახლოეს მომავალში ველოდებით ექიმების ინტენსიურ ჩართულობას“, – თქვა ტიკარაძემ.