დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი გეგმა ოლიგარქიული სისტემების მოსპობაზე - უსუფაშვილი

პუბლიკა

„დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე არ ვიცი ამ დოკუმენტში რა წერია, მაგრამ დარჩენილ დროში თუ ნაბიჯები გადაიდგმება, კარგი იქნება“, – ამბობს უსუფაშვილი.

როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კომისიამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი დაამტკიცა და უახლოეს მომავალში მთლიანი სამოქმედო გეგმის მიღება მოხდება.

„გვქონდა საუბარი, თუ რამდენად მოცულობითი იქნება ეს საკითხი. ამ მხრივ იყო დადებითი შეფასება, რომ შემუშავდა სამოქმედო გეგმა და ე.წ. სისტემური მიდგომით მივყვებით ამ საკითხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბორელთან შეხვედრის შემდეგ.