დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო

პუბლიკა

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. სწორედ 25 ნომებერს იწყება მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კამპანიის მიზნია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას ეხება.

წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებაა.  2019 წლის თებერვალში სექსუალური შევიწროება აიკრძალა საკანონმდებლო დონეზე და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გაიწერა. ამავე წლის  მაისიდან  საჯარო სივრცეში ჩადენილი სექსუალური შევიწროება სამართალდარღვევადაა მიჩნეული და ისჯება.  კანონმა სექსუალური შევიწროება განსაზღვრა, როგორც სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიზიკური, სიტყვიერი ან არასიტყვიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მტრულ გარემოს უქმნის მას.

სახახლო დამცველი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ აქტიური მსჯელობის დაწყებისა და საკანონმდებლო დონეზე გაწერის შემდეგ, ომბუდსმენისადმი მიმართვიანობა გარკვეულწილად გაიზარდა.

სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა, რომლის ყველაზე მეტ სავარაუდო შემთხვევას შრომით ურთიერთობებში აქვს ადგილი.