დღეს ღირსეული შრომის საერთაშორისო დღეა

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ღირსეული შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება და განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, უკვე მე-13 წელია საერთაშორისო საზოგადოება 7 ოქტომბერს აღნიშნავს დღეს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

„პროფკავშირები მთელს მსოფლიოში სწორედ ღირსეულ შრომის მხარდასაჭერად გამოდიან და მოითხოვენ ღირსეული შრომა მთავრობის დღის წესრიგის სათავეში იყოს. პროფკავშირების მიზანია კოვიდსიტუაციით შეჩერებული ეკონომიკური ზრდა კვლავ გაგრძელდეს, განვითარდეს გლობალური ეკონომიკა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა იყოს პრიორიტეტული.

21-ე საუკუნეში, მაშინ როცა, მსოფლიოს დღის წესრიგში დგას სოციალური კონტრაქტის არსებობა, საქართველოში კვლავ გვიწევს საუბარი შრომის საბაზისო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. 2013 წელს ახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ შრომის უფლებები უკეთ იქნებოდა დაცული, თუმცა აღსრულების მექნიზმის არარსებობის გამო დამსაქმებლებს არ გასჩენიათ იმის განცდა, რომ მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები უნდა შეესრულებინათ. ამიტომ დღემდე ამ კუთხით რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა.

2021 წლიდან, კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციის მანდატში შევა შრომითი უფლებების მონიტორინგი. შესაბამისად შრომის ინსპექციის ეფექტურ კონტროლზე იქნება დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების აღსრულება, როგორიცაა: შრომის ნორმირებული დრო; ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება; 24-დღიანი შვებულება; დეკრეტული შვებულების უფლება და სხვ.

ეს ის უფლებებია, რომელიც ყველაზე ხშირად ირღვევა, მაგრამ ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის პირობებში დასაქმებულები თავს იკავებენ საკუთარი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვისგან. ამიტომ შრომის ინსპექციას ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მან უნდა შეამციროს ის სივრცე, სადაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე რეაგირება თითქმის შეუძლებელი იყო.

ღირსეული შრომა მიუღწეველი დარჩება ისეთი ინსტრუმენტების გარეშე როგორიცაა: მინიმალური ხელფასი; დეკრეტული შვებულების პერიოდის ღირსეული ანაზღაურება; გენდერული ნიშნით ანაზღაურებაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონკრეტული მექანიზმი და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული უფლებების რეალიზება არის მხოლოდ მინიმალური მოთხოვნა ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ შრომა ჩაითვალოს ღირსეულად, დასაქმებულს დაცული მინიმალური შრომითი უფლებების გარდა, საჭიროა ჰქონდეს პირობები პერსონალური განვითარებისათვის და სოციალური ინტეგრაციისთვის. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი წუხილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, გაერთიანების თავისუფლება და იმ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების უფლება, რომელიც მათ ცხოვრებასა და თანაბარ უფლებებს ეხება.

სოციალური კონტრაქტი, ღირსეულ შრომის პირობებთან ერთად უნდა მოიცავდეს დასაქმებულთა სოციალური დაცვის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა: ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემწეობა. მნიშვნელოვანია ასევე პროგრესულ გადასახადზე გადასვლა, რამაც ქვეყანაში არსებული მაღალი უთანასწორობა უნდა შეამციროს“,- აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.