რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილ ხალხს „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიმართა.
„აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი. ვერავინ გაბედოს თავისუფალი მოქალაქის ხმის წართმევა. ჩვენ ყველა სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო”.
მისი თქმით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, „რადგან ის ეხება ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, ხვალინდელ დღეს. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ”.
„დღეს ილიას დაბადების დღეა. და ამდენი ხნის შემდეგ კვლავ აქტუალურია საკითხი ვის ეკუთვნის ეს ქვყეანა? გვეკუთვნის ჩვენ? და აქ დგომით ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. და მას არავის დავუთმობთ. არავის დავუთმობთ თავისუფლებას.
ქვეყნის დამონება იწყება დაშინებით, იწყება ღმერთისგან ბოძებული სიტყვის წართმევით. ხმის წართმევით. ყველა ხმა იქნება დაცული, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება სამართლებრივი სახელმწიფო.
მე მითხრეს, რომ ამ არჩევნებზე დაახლოებით 80 000 ახალგაზრდა მივიდა პირველად და ხმა მისცა. მე გეკითხებით – რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს? გავატაროთ? ვითომ არაფერი მოხდა? ასე არ გამოვა. ამ პარლამენტში არავინ შევა, რადგან მოღალატეებთან და ხმის ქურდებთან საქმე არ უნდა დაიჭირო არასოდეს.
თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავისუფლება ერთჯერადი აქტი არ არის. თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა.
ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც ოცნებას, არც რუსეთს. გაუმარჯოს გულანთებულ საქართველოს”, – მიმართა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს.
__________________________
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.
მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.