26 ნოემბერს ღამის 5 საათზე, ჭავლის გამოყენებით, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს. აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომის ჩასატარებლად უმრავლესობის დეპუტატები იკრიბებიან.
“არ შეიძლება ჩაიშალოს პარლამენტის სხდომები. ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ და პროცესის ქუჩაში გადატანა სურთ. მე დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, ვიდრე მაშინ როცა ამ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირე. პროპორციულზე რო გადავსულიყავით ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შევიდოდა.” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ ბიუროს სხდომის დაწყებამდე. ირაკლი ბერაია ერთ-ერთია იმ მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
პოლიცია პარლამენტის შენობის შესასვლელებთან იმყოფება და აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები პოლიციისგან მოითხოვენ, პარლამენტის შესასვლელთან მისვლის საშუალება მისცენ.
აქციის მონაწილეები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. ადგილზე არიან ოპოზიციის ლიდერებიც.
26 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დაშავებულია 4 პირი და დააკავეს აქციის 28 მონაწილე.