დღეს კლინიკას 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც ის ამბობს, დღეს კიდევ 20-მდე პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

ლევან რატიანის თქმით, კლინიკას ორი ახალი ინფიცირებული პაციენტი დაემატა და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 ინფიცირებული შემთხვევა. გვყავს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან, 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენები იმყოფებიან ნაზალურ  ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე, გვყავს 3 მოზარდი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს კლინიკაში იგეგმება 2 ათეული ტესტის ჩატარება. იმედია, ყველა პასუხი უარყოფითი იქნება და განმეორებითი ტესტის ჩატარებისას, ხვალ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.