„დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული, ნიშნავს იმას, რომ მათ მიეწოდებათ ჟანგბადი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებებთან მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმისთვის, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც გაბუანიამ აღნიშნა, საქართველოს ამ ნაწილში აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარება.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ.
„ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. ეს მიმდინარე პროცესი. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთული, იმისთვის მომარაგება მოხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.