„დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკონსულტაციო ექიმების ჯგუფის მიერ შექმნილი დასკვნა წარადგინეს.
მისი განმარტებით, თუ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს სახალხო დამცველის მიმართვას, მაშინ ომბუდსმენს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარუდგინოს სტრასბურგის სასამართლოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ, რომ დროებითი ღონისძიების გადაწყევტილების პროცესში ჩავრთულიყავით მესამე მხარედ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თუმცა, ის აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ომბუდსმენის მიმართვას, საკონსულტაციო ექიმების ჯგუფის მიერ შექმნილი ბოლო დასკვნა მაინც დიდ როლს ითამაშებს სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შეფასებაში.
„აღნიშნული დასკვნა ითამაშებს გადამწყვეტ როლს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან სავარაუდოდ პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, მისი უსაფრთხოებისა და მისი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის შესაფასებლად, იმიტომ რომ ეს არის უახლესი და ყველაზე მრავალპროფილური ექსპერტიზის მქონე პირების მიერ დასკვნა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ ცნობილია.
4 საათიანი მსჯელობის შემდეგ ჯფუფმა დასკვნა მოამზადა. დასკვნაში წერია, რომ:
„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს“.
დასკვნის მიხედვით პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული.