„დღეს მთავარი აქცია იქნება, შემდეგ გაგრძელდება შედარებით მომცრო აქციები რეგიონებში"- ბარამიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, გია ბარამიძის თქმით, დღეს დაგეგმილია მთავარი აქცია, ამის შემდეგ კი გაიმართება შედარებით მომცრო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

„დღეს მთავარი აქცია იქნება, შემდეგ გაგრძელდება შედარებით მომცრო აქციები სხვადასხვა ჯგუფების მიერ, იქნება რეგიონებში, თბილისში, ციხესთან. ყველანი ერთად ვემზადებით 30-სთვის , როდესაც შედგება იმ რეფერენდუმის მეორე ტური, რომელშიც უნდა განისაზღვროს არა მარტო მერების ადგილებზე გვარები და სახელები, არამედ მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, აქციაზე იქნებიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერები, უპარტიოები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

„ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები, ერთად აღებული და ცალ-ცალკე, შესაბამისად, არ გვინდა ამ ქვეყანაში ვინმე პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყოს და მით უმეტეს არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ციხეში იჯდეს ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი.“ – განაცხადა გია ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.