„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს დღეს კლინიკა „ვივამედში“ ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს.
ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ ისაუბრა.
„ისევ მხნედ არის, რა თქმა უნდა, დასუსტებულია, არის გამხდარი, არის ცოტა შენელებული, თუმცა ეს გასაგებიცაა, გუშინ 26-ე დღე იყო, რაც შიმშილობს… დღეს შედის ექიმთა კონსილიუმი. სახალხო დამცველის ეგიდით შედგა ეს ჯგუფი. ექიმები არიან, როგორც დაცვის მხარის მხრიდან, ისე მზიას და მისი ახლობლების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანები“, – ამბობს ადვოკატი.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით, შემდეგი შემადგენლობით:
1. ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია
2. გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები
3. გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია
4. ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია
მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.
გუშინ 6 თებერვალს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი კვლევების გასაგრძელებლად ჯერჯერობით კლინიკაში დარჩება.
მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.